English

რა უნდა ვიცოდეთ საპროცესო შეთანხმების შესახებ

2023-12-17 ავტორი: ნიკა ვეკუა

რა უნდა ვიცოდეთ საპროცესო შეთანხმების შესახებ
საპროცესო შეთანხმება არის ბრალდებულსა და პროკურორს შორის დადებული შეთანხმება, რომლითაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე. როგორც წესი, შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას ან/და ზიანის ანაზღაურებას.

საპროცესო შეთანხმების დადებისას, შესაძლებელია კანონით გათვალისწინებულ მინიმალურ სასჯელზე მსუბუქ სასჯელზე შეთანხმებაც, ბრალდების შემსუბუქება ან ნაწილობრივ მოხსნა. საპროცესო შეთანხმება ფორმდება წერილობით და მტკიცდება სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით.

საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ისე პროკურორს. მისი დადება შესაძლებელია, როგორც სასამართლოს პირველ ინსტანციაში, ასევე განაჩენის გამოტანის შემდეგ. თუმცა, როგორც წესი, ყველაზე ხშირად საპროცესო შეთანხმება ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე მტკიცდება.

საპროცესო შეთანხმების შესახებ დგება ოქმი, რომელშიც ასახულია ბრალდებულსა და პროკურორს შორის მოლაპარაკების პროცესი. საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცემა. ბრალდებულსა და მის ადვოკატს უფლება აქვთ, საპროცესო შეთანხმების ოქმზე გამოთქვან შენიშვნები, რომელიც თან ერთვის ამ ოქმს. საპროცესო შეთანხმების ოქმს ხელს აწერენ პროკურორი, ბრალდებული და მისი ადვოკატი, ასევე ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

საყურადღებოა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს. საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

ბრალდებულს უფლება აქვს, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი საპროცესო შეთანხმებაზე. განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია. სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და საჩივრდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით, ან მოტყუებით დაიდო; თუ ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; თუ საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების გათვალისწინებითაც კი, საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ დანაშაული ბრალდებულმა ჩაიდინა.

აღსანიშნავია, რომ თუ ბრალდებულთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე, სავალდებულოა, ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი.

თუ გსურთ საპროცესო შეთანხმების დადება და გჭირდებათ ადვოკატის დახმარება, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 591811588.



სტატიები ამ თემაზე


ჩვენი სერვისები